| has gloss | kat: კაჟნარი, საქორია, შუა და გვიანდელი აშელის ხანის ნაბინარ-სახელოსნო სოფ. კაცხის განაპირას (ჭიათურის რაიონი), მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 200-500 მ სიმაღლის პლატოზე. აღმოჩენილია 1958 წელს. 4-4,5 ჰა ფართობი თითქმის მთლიანად დაფარულია კაჟის ბუნებრივი ნატეხებითა და პირველყოფილი ადამიანის ქვის ნაკეთობებით. სახელი ეწოდა კაჟის ქვის სიუხვის გამო. მოპოვებულია 3000-მდე ნივთი: დისკოსებრი, კუბური და სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, კლექტონური და ლევალუაზური დიდი ზომის ანატკეცები, სხვადასხვა ტიპის ლამელები, აგრეთვე რეტუშირებული ანატკეც-ლამელები, მასიური, დიდი ორმხრივდამუშავებული ქუსლიანი და უქუსლო პატარა ხელცულები. საჩეხი იარაღი და სხვა ქვის ნაკეთობანი დაფარულია მონაცრისფრო მძლავრი პატინით. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. |