has gloss | kat: ოჩამჩირის ნაქალაქარი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ჯიქიმურის შესართავთან. გათხარეს 1935-1936 წლებში (ბორის კუფტინი, მ. ივაშჩენკო, ლ. სოლოვიოვი). აღმოჩნდა 3 სხვადასხვა დროის (ლითონის ინდუსტრიის საწყისი ეპოქის, ანტიკური ხანის და შუა საუკუენნები) ნამოსახლარის ნაშთები. ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნამოსახლარი გაიგივებულია ფსევდოსკილაკ კარიანდელის (ძვ. წ. IV ს.) „პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქ. გიენოსთან. დასახლებული იყო თხრილით გარშემოტყმული ხელოვნური ბორცვები. დასახლების ეს ტიპი დამახასიათებელი იყო კოლხეთისათვის თავისებური ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო. შემორჩენილია თიხაკეპნილი იატაკებისა და კედლების შელესილობის ნაშთები. აღმოჩენილია თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის (ოქრო, რკინა, ბრინჯაო) სამკაული და იარაღი. გვხვდება აგრეთვე თიხის ბერძნული ნაწარმი, რომლის უადრესი ნიმუშები ძვ. წ. V საუკუნის შუა წლებით თარიღდება. |